გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო! მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილიდან, სამცხე- ჯავახეთიდან. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე, იქაური ჰაერი და წყალი კი ჩემთვის შეუდარებელია. მე დავიბადე ახალქალაქში , ქალაქში, სადაც ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და სადაც სულ მინდა დაბრუნება . მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ბედი მაქვს იმ მხრივ ,რომ ვარ სომეხი, ვცხოვრობ საქართველოში , დავამთავრე რუსული სკოლა , ვსწავლობდი ინგლისურ ენას და ახლა დავიწყე თურქული ენის შესწავლა. ძალიან მიხარია , რომ ენებისკენ მაქვს მიდრეკილება . როგორც ნათქვამშია , “ რამდენი ენაც იცი,იმდენი ადამიანი ხარ“ . რუსული ენა ვიცი საბავშვო ბაღიდან. ახალქალაქში რომ იყო სამხედრო ბაზა , დედაჩემი მუშაობდა , ამიტომაც მე მაგ ბაზის სკოლაში წავედი. იქ სწავლამ ბევრი რამ მომცა . პირველ რიგში , ცოდნა, რომელიც მომცეს მასწავლებლებმა ძალიან გამომადგა უნივერსიტეტში. მეორე, სკოლაში სწავლამ ჩემში პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა განავითარა. დავამთავრე მე-9 კლასი და ბაზის გაყვანის გამო სხვა სკოლაში უნდა გადავსულიყავით . ბევრი ჩემი მეგობარი ტოვებდა ქალაქს და რუსეთში მიემგზავრებოდა .
როდესაც გადავედი ქალაქის სკოლაში , ჩემთვის ძნელი იყო იმასთან შეგუება, რომ მოვხდი სხვა გარემოში, მაგრამ საბედნიეროდ მალევე დავმეგობრდი ჩემს ახალ თანაკლასელებს. ამ პერიოდში არანაირი ბარიერი არ არსებობდა , რადგან ახალქალაქში ძირითადი მოსახლეობა არიან სომხები და სასაუბრო ენაც სომხურია. მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, გადავწყვიტე ქართული ენის სწავლა დამეწყო, დავიწყე ასოებიდან . მახსოვს, მაგ პერიოდში ბევრი ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა :“ რად გინდა ქართული ენაო?“ , თუმცა ბევრი ჩემი მეგობარი და ნათესავი თვლიდა, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო . მე ვფიქრობ , რომ ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის ვალდებულება .
როდესაც მე-11 კლასში ვიყავი , მონაწილეობა მივიღე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში , სადაც უბრალოდ მინდოდა შემემოწმებინა ჩემი ცოდნა გეოგრაფიაში. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საგანი იყო . გადავედი მეორე ტურში , რომელიც თბილისში იყო . მინდა ვთქვა , რომ ეს იყო ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში . ამ პერიოდში არც მქონდა იმაზე ფიქრი , რომ თბილისში უნდა მესწავლა. ამ მეორე ტურის შედეგების მიხედვით ისინი, ვინც გაიარეს მეორე ტური, მიდიოდნენ საზაფხულო სკოლაში სამი კვირით. მე რომ მომივიდა შეტყობინება ამის თაობაზე , ბევრი ვიფიქრე , თუმცა მერე გადავწყვიტე , რომ საინტერესო იქნებოდა .
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მოვხდი წყალტუბოში, გავიგე , რომ იყო შანსი, საზღვარგარეთ წავსულიყავით . ჩემი მეგობრული ხასიათის წყალობით , იმის მიუხედავად , რომ იმ დროს ვერ ვლაპარაკობდი ქართულად , მაინც შევძელი მეგობრების შეძენა და ჩავერთე აქტივობებში . სამი კვირის განმავლობაში გავიარეთ ინგლისური ენის კურსები . ამ პერიოდის განმავლობაში გავეცანი არა მხოლოდ უბრალოდ ახალ ადამიანებს, არამედ გავეცანი ქართულ კულტურასაც. ახლაც მახსოვს ის ქართული სიმღერები და ცეკვები , რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. სწორედ წყალტუბოში გატარებული დროის განმავლობაში მე დავრწმუნდი იმაში, თუ რა თბილი , მეგობრული და მხიარული ხალხია ქართველები . ვკითხულობ ხოლმე ბავშვების მიერ ჩემს ბლოკნოტში ჩაწერილ სურვილებს .
სამი კვირის შემდეგ დავბრუნდი სახლში ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით . რამდენიმე დღის შემდეგ მობილურზე დამირეკეს – “ გილოცავთ, თქვენ ორი კვირით მიემგზავრებით ინგლისშიო“ , ჩემთვის ეს როგორც მოულოდნელი , ამავდროულად ძალიან სასიხარულო ამბავი იყო , იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთში წასვლა იყო ჩემი ერთ-ერთი ოცნება .( საზაფხულო სკოლიდან აგვარჩიეს 6 კაცი დაახლოებით 400 -დან , მნიშვნელოვანი იყო რომ პროგრესი გვქონოდა ინგლისურ ენაში , ასევე აქტიურობა და მრავალმხრივი განვითარება ) . ყველაფერი სრულად მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული.
ეს იყო 2009 წელს და შეიძლება ითქვას , რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში. გავხდი უფრო აქტიური და ჩემი მომავალი მისწრაფებებიც ჩამოვაყალიბე. პირველი დღე ინგლისში, კერძოდ კი კემბრიჯში, იყო სიზმარივით, ჯერ არ მჯეროდა , იქ თუ ვიყავი. უკვე თვითმფრინავიდანაც ჩანდა ლონდონის ღირსშესანიშნაობები . კემბრიჯი ძალიან მშვიდი და ლამაზი სტუდენტური ქალაქია . ინგლისელები კი ძალიან თბილი და დახმარებისმოყვარე, თუმცა ბევრი ამბობდა , რომ ცივი ხალხიაო . ამიტომაც ვთვლი , რომ სანამ შენ თვითონ არ გექნება რომელიმე ხალხთან ურთიერთობა, ვერ იტყვი, თუ როგორია ის და სულ სხვა შთაბეჭდილება შეიძლება დაგრჩეს .
ამ ორი კვირის განმავლობაში მქონდა სხვადასხვა ექსკურსიები , აქტივობები , ასევე ინგლისურის კურსებიც . თავიდანვე ტესტის შედეგად გაგვანაწილეს სხვადასხვა ჯგუფებში . კვირის ბოლოს გვქონდა ექსკურსია ლონდონში . ეს არის ყველაზე დაუვიწყარი დრო ჩემს ცხოვრებაში , რადგან ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე მთელი მსოფლიოდან , გავაუმჯობესე ინგლისური და ჩემი ცოდნა გავაღრმავე. ბოლოს მოგვცეს სერტიფიკატები ინგლისურ ენაში. იქაური სუვენირებით დავბრუნდი ახალქალაქში. როდესაც დავბრუნდი , მივხდი , რომ ნამდვილად სამაგალითო ადგილი იყო ინგლისი .
უკვე გადაწყეტილი მქონდა , რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა , თუმცა ქართული ენის მომზადების პროგრამა ჯერ არ იყო იმ პერიოდში . მაგრამ მე-12 კლასში რომ ვიყავი, გავიგეთ , რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გვესწავლა ქართული ენა და შემდეგ გაგვეგრძელებინა სწავლა. ამისთვის ჩავაბარეთ გამოცდა ზოგად უნარებში მშობლიურ ენაზე ( სომხურს არ მასწავლიდნენ სამხედრო ბაზის სკოლაში და წერა და გრამატიკა დედაჩემმა მასწავლა). მე ვარ მიზანმიმართული, შრომისმოყვარე და თვითკრიტიკული ადამიანი და ეს თვისებები ძალიან დამეხმარა, როდესაც ქართულ ენას ვსწავლობდი. ჩემი აზრით , ეს ნამდვილად ეფექტური პროგრამა იყო და ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ამ პროგრამის შექმნასთან, დაფინანსებასა და განხორციელებასთან , განსაკუთრებით კი ლექტორებს .
ახლა უკვე ვარ მესამე კურსის სტუდენტი და ვერც შევამჩნიე, როგორ გაირბინა დრომ . ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე და ჩემი არჩევანი იმით იყო განპირობებული , რომ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ , მაინტერესებს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ სფეროში . ჩემი ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია , საერთაშორისო უსაფრთხოება , გეოგრაფია , ასევე ვწერ ხოლმე ლექსებს .
რაც შეეხება სამოქალაქო აქტივობას , მგონი რომ თვითონ ის ფაქტი , რომ ჩამოვედი აქ სასწავლებლად, იქნება კარგი მაგალითი სხვებისთვისაც , რომ ისწავლონ ქართული ენა და მოხდეს მათი ინტეგრაცია , რადგან მხოლოდ საერთო ძალისხმევის გამოყენებით შესაძლებელია ქვეყნის განვითარება და მომავალი მიზნების დასახვა . ჩემი არჩეული სპეციალობაც მოითხოვს აქტიურობას . სხვა რამ, რაც შემიძლია დავამატო არის ის , რომ ბლოგში რამდენიმე სტატია მაქვს დაწერილი ისეთ თემებზე , როგორებიცაა ტოლერანტობის მნიშვნელობა , ქალების როლი პოლიტიკაში , პროპაგანდის გავლენა , ფუნდამენტალიზმი .
ვფიქრობ , რომ ეს ძალიან აქტუალური თემებია, განსაკუთრებით ტოლერანტობა, იგივე შემწყნარებლობა , რადგან მხოლოდ მაშინ შევძლებთ პრობლემების მოგვარებას , როდესაც სხვასთან თანაცხოვრებასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას ვისწავლით . რადგან არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, ყველა თავის მხრივ არის უნიკალური და ყველა ჩვენგანს გვაქვს როგორც დადებითი მხარეები , ასევე ნაკლოვანები . თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი სიმართლე , მაგრამ ჭეშმარიტება ერთია . და როგორც ჩემს საყვარელ წიგნში , ბიბლიაში წერია -„ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ”( მათე 7:12) . იმედია , რომ ჩვენი აზრისა და პრობლემების ერთმანეთისთვის გაზიარებით შევძლებთ წინსვლას და საერთო მიზნისაკენ სწრაფვას. და ჩვენი საერთო მიზანია ცხოვრების გაუმჯობესება .